სამშვილდის ციხე - Мои статьи - სტატიების კატალოგი - TETRIWYARO.GE
ორშაბათი, 20.02.2017, 20:45
მოგესალმებით, სტუმარი | RSS
widgeo.net
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ძებნა
ამინდის პროგნოზი
მთავარი » სტატიები » Мои статьи

სამშვილდის ციხე
სამშვილდე, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში.

შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დროდადრო იგი უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.

სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია

სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.

ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. იგივე სტატუსი ჰქონდა სამშვილდეს მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII-XIV სს.). XV საუკუნიდან სამშვილდე ბარათაშვილთა სათავადოს ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა.

ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

სამშვილდის სიონის გეგმა

ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.

სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: giogio5 (10.04.2011)
ნანახია: 203 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
გამოკითხვა
Оцените мой сайт
Всего ответов: 1779
საიტის მეგობრები
Нравится